ძველი ისტორიული ქალაქები და მათი კულტურა

ახ.წ. VIII საუკუნემდე იაპონიას მუდმივი დედაქალაქი არ ჰქონია; ყოველი ახალი იმპერატორი თავისი რეზიდენციისათვის ახალ ქალაქს ირჩევდა ხოლმე. თავდაპირველად მცირე ხნით დედაქალაქი საკუა იყო, ხოლო 710 წლიდან – ჰეიჯიო (“სამყაროს სატახტო ქალაქი”), რომელსაც შემდეგ ნარა ეწოდა.

ორიოდე სიტვით იმის თაობაზე, თუ როგორ მზადდებოდა საამისო პირობები იაპონიაში. იმპერატორის ძალაუფლების გაფართოებსათან ერთად ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებდა ცენტრალიზებული სახელწიფოს შესაქმნელად. ამ მიმართულებით პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები უფლისწულ შიოტოკუ ტაიშის (572-622) რეგენტობის დროს გადაიდგა.

ვინაიდან იმ ეპოქაში იაპონიის ცენტრალიზაციისათვის სტიმულის მიმცემი ჩინეთის ძლიერი იმპერია იყო, ამიტომ შიოტოკუმ გადაწყვიტა თანმიმდევრობით და გეგმაზომიერად გადმოეღო ჩინელთა მონაპოვარი ცხოვრების ყველა სფერო. დაიწყო იმით, რომ 607 წლიდან იაპონიიდან ჩინეთში იგზავნებოდნენ ელჩები, სწავლულები, ახალგაზრდები, ბერები, ხელოვნების სხვადასხვა დარგის მოღვაწეები. ანალოგიური ურთიერთობა დამყარდა კორეის სამეფოებთანაც. თავად შიოტოკუ ტაიში ჩინური კულტურის დიდი თაყვანისმცემელი იყო. იაპონური საისტორიო წყაროების თანახმად, მან შესანიშნავად იცოდა ჩინური ენა, ფილოსოფია, ლიტერატურა, ბუდიზმიც მიიღო და ყოვეელმხრივ ხელს უწყობდა მის გავრცელებას ქვეყანაში.

შიოტოკუს სახელს უკავშირდება, ჩინეთის ნიმუშის მიხედვით, უმნიშვნელოვანესი კანონების მიღება, რომლებმაც ნიადაგი მოამზადა ე.წ. ტაიკას(დიდი ცვლილება) რეფორმებისათვის. კეძოდ 645-646 წლებში სუმერაგის საგვარეულომ, იმპერატორ ტენჯის მეთაურობით, რეფორმათა მთელი სერია ჩაატარა, რომელიც ისტორიაში ტაიკას სახელწოდებით შევიდა. მას საფუძვლად დაედო ჩინეთიდან გადმოღებული რიცურიოს კანონთა სისტემა(ჩინურად -ლუილინი; ლუი – სისხლის სამართლის კანონი, ლინ – ადმინისტრაციული კანონი), რომელიც იმისათვის იყო მოწოდებული, რომ დაბალ ფენებზე ბატონობა განხორციელებულიყო არა ცალკეულ არისტოკრატთა მიერ (როგორც მანამდე იყო), არამედ ცენტრალიზებული სამთავრობო ხელისუფლების და მის მიერ შექმნილი კანონების მხრიდან.

ტაიკას რეფორმებს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა იაპონიისათვის, უპირველეს ყოვლისა, იმ თვალსაზრისით, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ცენტრალიზებული ფეოდალური სახელმწიფო, რომელსაც ჰყავდა მემკვიდრეობითი უფლებებით აღჭურვილი იმპერატორი, რეგულარული ჯარი. ამასთანავე ჩატარდა მიწის, საგადასახადო, ტერიტორიული დაყოფის და ქვეყნის მუდმივი დედაქალაქის დაარსების საკითხიც. საბოლოო ჯამში, ტაიკას რეფორმები, რომელიც ჩინეთში მიმდინარე გარდაქმნების ნიმუშით ჩატრადა, იაპონიაში ფეოდალური ურთიერთობის გამარჯვებას გულისხმობდა. მაგრამ ჩინეთის გავლენა იაპონიაზე არ უნდა წარმოვიდგინოთ განმსაზღვრელად და უმთავრესად; იაპონიაში ფეოდალიზაციის პროცესი თავის შიდა საფუძვლებზე დაყრდნობით მიმდინარეობდა, გარეშე გავლენამ კი (ამ შემთხვევაში ჩინურმა) მხოლოდ დააჩქარა ეს პროცესი. საზოგადოების განვითარების გარკვეულ საფეხურზე ჩინეთიდან გადმოღებული სხვადასხვა ინსტიტუტები წინააღმდეგობაში ექცეოდა ადგილობრივ საფუძველებთან მიმართებაში, რის შედეგადაც უშუალოდ იაპონიისათვის უფრო მისაღები ფორმით იცვლიდა სახეს.

იაპონიაში ადრეფეოდალური სახელმწიფოს ფორმირებამ ქალაქების, როგორც ადმინისტრაციულ-პოლიტიკური, სავაჭრო-სახელოსნო და კულტურის ცენტრების გაჩენა განაპირობა. თავიანთი წარმოშობის მიხედვით,  იაპონური ქალაქები ოთხ ძირითად სახეობად იყოფოდა:

1. სატაძრო ქალაქები, რომლებიც ბუდისტური მონასტრების და სხვა ტაძრების ირგვლივ იგებოდა

2. საფოსტო რომლებიც მთავარ გზებზე იყო განლაგებული

3. ნავსადგურები

4. სასახლეებთან და ციხესიმაგრეებთან არსებული ქალაქები.

ჯერ კიდევ ახ.წ. IV საუკუნეში – 320 წელს ჩინეთიდან და კორეიდან მიგრირებულმა ახალმოსახლეებმა კუნძულ ჰონსიუზე მდ. იოდოს დელტასთან ქ. ნანივა დააარსეს, რომელსაც XV საუკუნიდან ოსაკა დაერქვა. ადრეული შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, ოსაკა უდიდეს როლს ასრულებდა როგორც საზღვაო კარიბჭე საგარეო ვაჭრობაში.

არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა მას შიდა ბაზარზე: ოსაკა იაპონიის მთავარ ბაზარს წარმოადგენდა, სადაც ქვეყნის ყველა მხრიდან შეჰქონდათ ბრინჯი, აბრეშუმი, საფეიქრო ნაწარმი, ლაქის ნაკეთობნები, ფაიფური. განსაკუთრებული პოპულარობა მსოფლიოში მან შესანიშნავი საფეიქრო ნაწარმით მოიპოვა. ოსაკა განთქმულია ასევე ისტორიული მნიშვნელობის ტაძრებით და მრავალრიცხოვანი პარკებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1583 წელს აგებული ოსაკას სასახლე. ეს შესანიშნავი ნაგებობა შიოგუნ ჰიდეოსის ბრძანებით აიგო, რის შემდეგაც მან ოსაკა თავის სატახტო რეზიდენციად გამოაცხადა.

როგორც ზემოთ ითქვა, თავდაპირველად იაპონიის დედაქალაქს ასუკა წარმოადგენდა. იმ პერიოდმა იამატოს მეფეთა რეზიდენციის ადგილსამყოფელის მიხედვით, რომელიც მდ. ასუკასთან მდებარეობედა (ამჟამად ის ნარას პრეფექტურაში შემავალი სოფელია), ასუკას სახელწოდება მიიღო. ქრონოლოგიურად ეს ხანა 592-710 წლებს მოიცავდა. ამ რეგიონში წარმოებული არქეოლოგიური გათხრენბის შედეგად მატერიალური კულტურის უნიკალური ძეგლები იქნა აღმოჩენილი. მათი გამორჩეულობის გამო, იმ პერიოდის იაპონურ ხელოვნებას ასუკას ხელოვნება ეწოდა, რომლის მთავარი მახასიათებელი მკაცრი კლასიკური სტილი იყო.

ამ ხელოვნების ყველაზე ადრინდელ და საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს ასუკა-დერას ტაძარი, რომელიც 596 წელს სოგას საგვარეულოს ბრძანებით აიგო, კორეიდან ჩამოყვანილი ხუროთმოძღვრების მიერ. სამეცნიერო ლიტერატურიში დამკვიდრებული თვალსაზრისით, ასუკა-დერა იაპონიის მიწაზე აგებული პიურველი ბუდისტური ტაძარია. მისი წარსული დიდებიდან დღეისთვის სამმეტრიანი მჯდომარე ბუდას ქანდაკება შემორჩა, რომელსაც ასუკას დიდ ბუდას უწოდებენ. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ასუკას ხელოვნების ტიპიურ ნიმუშებს განეკუთვნება, ასევე ნარაში აგებული, ჰორიუჯის და ტოდაიჯის ტაძრებიც, თუმცა მათში იაპონური ბუდისტური ხელოვნების მომდევნო პერიოდების:ჰაკუჰოს და ტემპიოს ელემენტები შეინიშნება.

ჰაკუჰოს ხელოვნება, რომელიც VIII საუკუნის დამდეგამდე გაგრძელდა, მეტი დახვეწილობით და პლასტიკურობით ხასიათდება. ტემპიო კი (რომელიც ძირითადად იმპერატორ შიომუს ზეობის ხანას ემთხვევა, კონკრეტულად 742-749 წწ მოიცავს), უფრო რეალისტურობით გამოირჩევა. მათში გარკვეულწილად სხვადასხვა კულტურათა გავლენა შეინიშნება, განსაკუთრებით IV-V საუკუნეების ინდური ხელოვნების, სადაც იმ დროს ჰუფთების დინასტია (320-535) იყო გაბატონებული.

ზემოხსენებული პერიოდის იაპონური ხელოვნების კავშირი ინდურთან ნათლად ვლინდება ბუდას სკულპტურულ გამოსახულებათა სხვადასხვა დეტალებში. იგივე შეიძლება ითქვას ჰორიუჯის ტაძრის კედლის მხატვრობაზე, რომელიც იაპონური ბუდისტური ფერწერის ერთ-ერთ შედევრადაა აღიარებული. სპეციალისტთა აზრით, მასში აშკარა მსგავსება შეინიშნება აჯანტის მსოფლიოში ცნობილ ფრესკებთან. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ინდურ და იაპონურ ხელოვნებათა დამაკავშირებელ მისიას ჩინეთის თანის იმპერია (618-907) ასრულებდა. ჩინურ და ინდურთან ერთად, იაპონიაში სხვა კულტურათა გავლენაც აღწევდა.

კერძოდ, იაპონიის ბუდისტურ ტაძრებს ხის უზარმაზარი ბოძები ამშვენებდა, რომლებიც ბერძნულ ტაძართა კოლონადებს მოგვაგონებს. გარდა ამისა, გამოყენებითი ხელოვნების ნაკეთობებზე გამოუდმებით მეორდება ერთი და იგივე ორნამენტები, არაბესკები, როგორიც გავრცელებული იყო ცენტრალურ აზიაში, სასანურ ირანში, აღმოსავლეთ რომის იმპერიაში. თავის დროზე ეგვიპტესა და ასურეთში ჩასახული არაბესკების ხელოვნება ფართოდ გავრცელდა დასავლურ და აღმოსავლურ სამყაროში (რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლები სახეცვლილებებით), ბოლოს კი შორეულ იაპონიამდეც მიაღწია. ყოველივე ზემოთქმული კიდევ ერთხელ ადასტურებს მსოფლიო ცივილიზაციათა და კულტურათა მჭიდრო ურთიერთკავშირს. იაპონია უზარმაზარი კულტურული სამყაროს შორეულ, განაპირა მხარეს წარმოადგენდა, VII-VIII საუკუნეებში მან ამ სამყაროში შეაღწია და იმ დროიდან მოყოლებული, აქტიურად ჩაება მსოფლიოს აღმოსავლური რეგიონის კულტურულ ცხოვრებაში.
ასუკას შემდეგ იაპონიის დედაქალაქი მცირე ხნით (მხოლოდ 16 წელი) ფუძივარა იყო, რომელიც ასევე მდ. ასუკას მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობდა. ქალაქი ჩინეთის ვეის დინასტიის დედაქალაქის, ლოიანის ნიმუშით გაშენდა, რაზეც ნათლად მეტყველებს ამ რეგიონში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა. ფუძივარაში თავი მოიყარა იაპონიის მთელმა პოლიტიკურმა ელიტამ, ასევე ვაჭარ-ხელოსნებმა, მეომართა ფენამ, ხელოვნების მოღვაწეებმა და ა.შ. მაგრამ მოკლე ხანში – 708 წელს დედაქალაქის შეცვლა გადაწყდა, ამიტომ ფუძივარამ, ფაქტობრივად, დედაქალაქის იერ-სახის მიღება ვერც კი მოასწრო. ამის მიზეზად წყაროები ასახელებენ ფუძივარას ცუდ წყალმომარაგებას, მიუვალ და მოუხერხებელ გზებს, ასევე ჭარბი მოსახლეობის პრობლემას. 710 წელს საიმპერატორო რეზიდენციამ ჰეიჯიოში (შემდგომში ნარად წოდებული) გადაინაცვლა. ფუძივარა მალე ყველასგან მიტოვებული აღმოჩნდა, ნაგებობი დაიშალა(მათი ნაწილი ნარაში გადაიტანეს) და იქაურობა საერთოდ გაპარტახდა.

ჰეიჯიო ანუ ნარა იამატოს (დღევანდელი ნარას პრეფექტურა) ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გაშენდა, ფუძივარადან 18 კმ-ის დაშორებით და 784 წლამდე ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. ნარაში დედაქალაქის გადატანა მისი მოხერხებული ადგილმდებარეობის (ის სატრანსპორტო გზების გადაკვეთაზე მდებარეობდა) და ხელსაყრელი ბუნებრივი პირობებით იყო განპირობებული. ნარა ჩინეთის თანის დინასტიის (618-907) დედაქალაქის – ჩანანის (დღევანდელი სიანი) ნიმუშით აიგო; ამაში იგულისხმება ქალაქის დაგეგმარება, ქუჩები, საცხოვრებელი და ადმინისტრაციული ნაგებობები, ტაძრები და ა.შ. შუა საუკუნეების იაპონიის მომდევნო სატახტო ქალაქებიც: ნაგაოკა, ჰეიანი, კამაკურა, ძირითადად ჩინური ხუროთმოძღვრების ნიმუშით იგებოდა, თუმცა მნიშვნელოვანი განსხვავებებიც არსებობდა; კერძოდ, ჩინეთის დედაქალაქისგან განსხვავებით, იაპონურ ქალაქს ირგვლივ კედელი არ ერტყა, მხოლოდ სასახლის კომპქლექსს უკეთდებოდა გარშემო სქელი გალავანი. კიდევ ერთი საინტერესო განმასხვავებელი ნიშანი: იაპონიაში ნაგებობათა მშენებლობისას ქვა და აგური არ გამოიყენებოდა. მთელი ქალაქი სასახლის კომპლექსისა და ბუდისტური ტაძრების ჩათვლით, ხისგან იგებოდა. სხვათაშორის, ეს გამუდმებით ხანძარსაშიშ მდგომარეობას ქმნიდა, სამაგიოერდ, მიწისძვრების დროს ისინი ნაკლებად ზიანდებოდა.

იაპონიის ზემოხსენებული ქალაქები კულტურის მძლავრ ცენტრებს წარმოადგენდა. განსაკუთრებით მაღალ განვითარებას არქიტექტურამ მიაღწია – როგორც სატაძრო, ისე სასახლის არქიტექტურამ, რომლის განუყოფელ ნაწილად ბუდას მონუმენტურ-სკუილპტურული გამოსახულებები იქცა. ტაძრებსა და მონასტრებს უმთავრესად ჩინელი და კორეელი ხუროთმოძღვრები აგებდნენ, მათთვის დამახასიათებელი სპეციფიკური სტილით. მაგრამ პარალელურად ჩნდება და მკვიდრდება დამოუკედებლი იაპონური სტილი მშენებლობაში: მოგრძო ფორმის ნაგებობები კიპარისის ქერქით გადახურული სახურავით, პატარა ბაღებით, შენობის სამხრეთ ნაწილში – დეკორატიული ხელოვნური ტბით. ამგვარ ნაგებობათა არქიტექტურული დეტალები განსაკუთრებული სინატიფითა და დახვეწილობით გამოირჩეოდა.

იაპონიის ისტორიულ ქალაქებს შორის ნარას მაინც ყველაზე გამორჩეული ადგილი უჭირავს. დღესდღეობით ის ქალაქ-მუზეუმს წარმოადგენს, აღმოსავლეთიდან დასავლეთით მისი სიგრძე 4,2 კმ-ია, ჩრდილოეთიდან სამხრეთით – 4,8 კმ. ფიჭვნარში ჩაფლული ქალაქის მყუდროებას, სადაც ღმერთების და წინაპრების სულები ტრიალებს, მხოლოდ მთებიდან მონაბერი ნიავი და ბუდისტური ზარების ხმა არღვევს ხოლმე. მარა, უწინარეს ყოვლისა თავისი უძველესი ბუდისტური ტაძრებითაა განთქმული.

აქ არის შინტოისტური - კასუგას ტაძარიც, რომელიც ფუძივარას ფეოდალური საგვარეულის მიერ იქნა აგებული და ამიტომ მათი გვარის კუთვნილებად ითვლებოდა. კასუგა მეტად ორიგინალურ არქიტექტურულ ნაგებობაას წარმოადგენს: წითლად შეღებილი კომპლექსი მთლიანად სიმწვანეშია ჩაფლული, მისი შემადგენელი ნაწილები ერთმანეთს ლამაზი ხეივნით უკავშირდება. ხეივნის მთელ სიგრძეზე კი ქვის ფარნებია გამწკრივებული, რომლებიც წელიწადში ორჯერ ინთება – იაპონური ტრადიციული ე.წ. ათასი ფარნის დღესაასწაულის დროს.

როგორც ზემოთ აღინიშნა, ნარას პერიოდი ბუდიზმისა და ბუდისტური კულტურის განსაკუთრებული აყვავების ხანას წარმოადგენდა. ამ კულტურის კლასიკურ ნიმუშად, უპირველეს ყოვლისა, უნდა დავასახელოთ ჰორიუჯის ბუდისტური ტაძარი, რომელიც 607 წელს აიგო უფლისწულ შიოტოკუ ტაისის ბრძანებით. იგი ორი ნაწილისგან შედეგება, კომპლექსის შიდა ეზოში მდებარეობს ოქროს ტაძრად წოდებული პავილიონი (კონდო) და ხუთიარუსიანი პაგოდა.

523 წელს ჰორიუჯის ტაძარში საქვეყნოდ ცნობილი ბუდას ტრიადა დაიდგა, რომელიც განასახიერებდა ბრინჯაოში ჩამოსხმულ მჯდომარე ბუდას ორ ბოდჰისტავასთან ერთად. გარემოსთან საოცარი ჰარმონიულობით შეხამებული ჰორიუჯის კომპლექსი შემდგომი ხანის საკულტო ნაგებობათა კლასიკურ ნიმუშად იქცა. (აღსანიშნავია, რომ 670 წლიდან მოყოლებული, ჰორიუჯის ტაძარს არაერთხელ გაუჩნდა ხანძარი, მაგრამ ყოველთვის მისი საგულდაგოლო რესტავრაცია ხდებოდა. ამიტომაც დღესდღეობით მისი ძირითადი ნაწილი ოქროს ტაძრით, პაგოდით, დარბაზით და ცენტრალური ალაყაფის კარებით, თითქმის პირვანდელი სახითაა შემონახული) მათგან განსაკუთრებული დიდებულებით ტოდაიჯის ტაძარი (აღმოსავლეთის დიდი ტაძარი) გამოირჩევა, რომელიც ხისგან აგებული უდიდესი ნაგებობაა მსოფლიოში.

თავდაპირველად მას 90 ჰექტარი ფართობი ეკავა, მაგრამ დღესდღეობით მისი დიდი ნაწილი დანგრეულია. ტოდაიჯის ტაძრის მშენებლობა ქ. ნარაში 729 წელს დაიწყო და იმპერატორ შიომუს ზეობის დროს (744-757) დასრულებული სახე მიიღო. მისი ბრძანებით, ტაძრის მთავარ დარბაზში ბუდას უზარმაზარი ქანდაკება დაიდგა, რომლის სიმაღლე 18 მეტრს აღწევდა. სწორედ ამიტომ მას დაიბუცუ (დიდი ბუდა) ეწოდა.

მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს ლოტოსის ყვავილის კვარცხლბეკზე ფეხმორთხმით მჯდომი გოლიათი, რომელმაც საუკუნეთა მანძილზე არაერთ განსაცდელს გაუძლო მძლავრი მიწისძვრებისა და სხვა სტიქიურ უბედურებათა სახით. რესტავრაციათა წყალობით (ტოდაიჯის მთელ კომპლექსს ბოლო უნიკალური რესტავრაცია 1973 წლეს ჩაუტარდა) ბუდა დღესაც ამაყად გადმოჰყურებს მნახველს და მთელ ქალაქს. ნარას სატაძრო ნაგებობათა უმეტესობამ დღემდე რესტავრირებული ან ახლად აგებული სახით მოაღწია.

ამ მხრივ გამონაკლისს მხოლოდ 759 წელს აგებული ტოშიო დაიჯი (ჩინური ტაძარი) წარმოადგენს, რომელიც არასოდეს დაზიანებულა და ამიტომ პირვანდელი სახე შეინარჩუნა. სხვა ბუდისტურ ტაძართა მსგავსად, მასაც ბუდას მონუმენტური ქანდაკება ამშვენებს, მაგრამ უფრო იმით არის ცნობილი, რომ ტაძრის მთავარ დარბაზში ათასამდე, ზუსტად კი – 864 ქანდაკებაა გამწკრივებული.

794 წელს დედაქალაქის ჰეიანში (შემდეგში კიოტად წოდებული)  გადატანით, პოლიტიკურთან ერთად., ის ქვეყნის კულტურულ-ეკონომიკური ცენტრი ხდება. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ამიერიდან ბუდიზმის გავლენა, რომელიც ადრე ძირითადად სულიერ და კულტურულ სფეროს მოიცავდა, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრეაზეც გავრცელდა. ახალი დედაქაალაქის აღმშენებლობა იმპერატორმა კამუმ 794 წელს დაიწყო, მაგრამ ხაზინის გაღატაკების გამო, 805 წელს ის იძულებული გახდა სამშენებლო სამუშაოები გაეჩერებინა.

მართალია, კამუმ სატახტო ქალაქს ჰეინ კიო ანუ მშვიდობის ქალაქი უწყოდა, მაგრამ სახელწოდებამ მიზანი ნამდვილად ვერ გაამართლა, რადგანაც ჰეიანი გამუდმებით პოლიტიკური ბრძოლენბის და დაპირისპირების ასპარეზს წარმოადგენდა. 1868 წლამდე ჰეიანში საიმერატორო კარის რეზიდენცია იყო, ამიტომაც ფორმალურად ის იაპონიის  დედაქალაქადაც ითვლებოდა, მაგრამ ისტორიულად ჰეიანის ეპოქა IX-XII საუკუნეებს მოიცავს (794-1185 წწ). მისთვის დამახასიათებელია კულტურის მძლავრი აღმავლობა და აყვავება, ამიტომაც სამართლიანად ითველბა იაპონური კულტურის ოქროს ხანად.

ჰეიანი, სხვა იმდროინდელი იაპონური ქალაქების მსგავსად (ფუძივარა, ნარა, ნაგაოკა) ჩინეთის, მკაცრად განსაზღვრული, არქიტექტურული კანონების მიხედვით იგებოდა. დღესდღეობით ეს არის ღრმა ისტორიული ტრადიციების მქონე ქალაქი, ციხესიმაგრეებით, ტაძრებით, მდიდარი მუზეუმებით და მრავალი ღირსშესანიშნავი სანახაობით, სადაც ჰარმონიულადაა შერწყმული ისტორია და თანამედროვებობა, წარსული და აწმყო.

1994 წელს იაპონიაში დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა კიოტოს დაარსების 1200 წლისთავი, რომლის დროსაც ულამაზესი სადღესასწაულო ღონისძიებები და სხვადასხვა ეროვნული ფესტივალერბი ჩატარდა.

ახალი დედაქალაქის მშენებლობამ ხელი შეუწყო საერო არქიტექტურის განვითარებას იაპონიაში, რომლის კლასიკურ ნიმუშს ქალაქის ჩრდილო ნაწილში აგებული საიმპერატორო სასახლე წარმოადგენს. ეს არის ექვსი ალაყაფით დაცული კომპლექსი, რომელსაც გოსიო ანუ საპატიოვცემულო ადგილი ეწოდება. მის არქიტექტურაში ჰარმონიულადაა შერწყმული ჩინური ფუფუნება და იაპონური დახვეწილი გემოვნება. ყველაზე შთამბეჭდავია სასახლის მთავარი დარბაზი, რომლის ცენტრში წითელი სანდალის ხისგან დამზადებული საიმპერატორო სავარძელია მოთავსებული.

კიოტოში ხუთი დიდი ბუდისტური ტაძარია. მათგან გამორჩეულია 1236 წელს აგებული ტოფუკუჯის ტაძარი, რომელშიც ფერწერის ძვირფასი ნიმუშებია დაცული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იაპონიაში რელიგიური სინსკრეტიზმის განვითარების საფუძველზე, კონტინენტიდან (იგულისხმება ძირითადად ჩინეთი) გავრცელებული ბუდისტური სატაძრო მშენებლობის არქიტექტურულმა კანონებმა რღვევა დაიწყო. მაგალითად, ნარას პერიოდის არქიტექტურული ანსამბლების გაშლილი სივრცე შეცვალა განცალკევებულ ადგილებზე, მთებში, კლდეებთან და ა.შ., აგებულმა ნაგებობებმა. გაქრა ადრინდელი პერიოდის მონუმენტალიზმი, არქიტექტურა და სკულპტურა ადგილობრივ რელიეფს შეუხამდა. ყოველივე ამის გამო, ბუდისტურმა ტაძრებმა სახე იცვალა და მათი უმეტესი ნაწილი თანდათან შინტოისტურ ტაძრებს დაემსგავსა.

კიოტოს შინტოისტური ტაძრებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია იასაკა ჯინჯა. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ნაგებობაა კიოტოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 1397 წელს აგებული ე.წ. ოქროს პავილიონი, რომელიც არაერთხელ დაიწვა, მაგრამ აღდგენილ იქნა რესტავრაციათა შედეგად. ესაა კვადრატული ფორმის სამსართულიანი ნაგებობა, რომელიც ჩაის სმისა და სხვადასხვა რელიგიური ცერემონიებისთვის იყო გათვალისწინებული. ზედა სართულის შიდა და გარეთა მხარე მთლიანად ოქროს ფოთლებითაა მოხატული. 1480 წელს კიოტოს აღმოსავლეთ ნაწილში ოქროს პავილიონის ანალოგიური – ვერხცლის პავილიონი აიგო. ორივე მათგანის უმთავრესი მახასიათებელი იყო ნაგებობათა არქიტექტურის ჰარმონიული შეხამება გარემოსა და ბუნებასთან. მოგვიანებით ხსენებული პავილიონები მონასტრებად იქნა ქცეული.

ჰეიანის პერიოდში არქიტექტურის განუყოფელ ნაწილს ბუდას გამოსახულებები შეადგენდა, ამასთან ერთად, შინტოისტური სკულპტურული გამოსახულებებიც მომრავლდა. მაგალითად, ჰატიმანის და მაცუოს ღვთაებების, ქალღმერთ ნაცუკუსიმესი და ტიმანის და მაცუოს ღვთაებების, ქალღმერთ ნაცუკუსიმესი და სხვა. მართალია, ოსტატები კვლავ ბუდისტური კანონებით ხელმძღვანელობენ, მაგრამ მათ ნამუშევრებში უკვე ნათლად გამოიკვეთა ადგილობრივი, იაპონიზირებული შტრიხები.

კერძოდ, ბუდას კლასიკური გამოსახულებების (იგულისხმება ინდურრი ბუდა მედიტაციის მდგომარეობაში – ლოტოსის ყვავილებზე ფეხმორთხმით მჯდომი ბუდა რომელსაც “ლოტოსის პოზას” უწოდებენ )გვერედით გაჩნდა მისი სხვადასხვანაირი ფიგურები, ასევე დემონების, მრავალთავიანი და მრავალხელიანი ღვთაებების ქანდაკებებეი. თიხასა და ლაქთან ერთად. მასალად უკვე ხის ადგილობრივი ჯიშებიც გამოიყენებოდა, რომლებიც საგულდაგულო დამუშავების შემდეგ იღებებოდა.

ადრეული ჰეინის პერიოდის ბუდისტურ სახვით ხელოვნებაში განსაკუთრებით მაღალ განვითარებას ფერწერამ მიაღწია. ფერწერული ნამუშევრები უმეტეს წილად აბრეშუმზე და გრაგნილებზე იყო შესრულებული, ხშირი იყო ასევე ბუდიზმის ე.წ. მცველების იკონოგრაფიული გამოსახულებები, რომლებიც საშინელი დემონების სახით იყო წარმოდგენილი.

იმ ეპოქის ცნობილი მხატვრებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: ბუდისტი ღვთისმსახური კობო-დაიში (კუკაი), კუდარა კავანარი, ფერწერაში იაპონური სტილის ფუძემდებელი – კოსე-ნო კანაოკა და სხვა. X საუკუიდან იაპონურმა მხატვრობამ შემდგომი განვითარება ე.წ. იამატოეს (“იაპონური სურათი”)  სკოლის სახით ჰპოვა, რომლის მთავარი მახასიათებელია რბილი ხაზები, ფერთა სიუხვე და სიმკვეთრე, პერსპექტივის კანონთა უგულეველყოფა იყო. XII საუკუნეში გრაგნილზე შესრულებული ნახატები დომინირებდა, რომელსაც ემაკიმონო ეწოდება. მათზე უმეტეს წილად გამოსახული იყო სასახლის კარის ცხოვრების, ბატალური სცენების, ფეოდალური არისტოკრატიის, მოგზაურობის და გართობის სხვადასხვა ეპიზოდები.

ჩინურ ცივილიზაციასთან ნაზიარებმა იაპონელებმა დროთა ვითარებაში უცხოური კულტურის გადმოღების თავისებური მექანიზმი შეიმუშავეს. კერძოდ, ხდებოდა არა ბრმა წაბაძვა, არამედ კონტინენტური კულტურიდან მათთვის საჭირო ელემენტების გადამუშავება, ადგილობრივ ტრადიციებთან მათი შეთავსება და სინთეზი, რამაც საბოლოო ჯამში შესანიშნავი შედეგი გამოიღო. ყოველივე ამის საფუძველზე უცხოური კულტურის გავლენა იაპონიაზე თანდათან გაფერმკრთალდა, მოგვიანებით კი საერთოდ გაქრა. ეს პროცესი ყველაზე ნათლად ჰეინის პერიოდის ლიტერატურის განვითარებაში გამოვლინდა.

როგორც ზემოთ აღინიშნა, იაპონიაში საკუთარი დამწერლობის წარმოშობას ლიტერატურის მძლავრი აყვავება მოჰყვა. თუ IX საუკუნემდე იაპონური ლიტერატურა უმთავრესად ჩინურ ენაზე იქმნებოდა, X-XI საუკუნეებში(იაპონური ანბანის – კანას დამკვიდრების საფუძველზე) მან უკვე მშობლიურ ენაზე დაიწყო აყვავება. ჩინური ლიტერატურული მოდელების გადამუშავების საფუძველზე შეიქმნა ახალი ფორმები, სხვადასხვა ჟანრები, ისეთი ესთეტიკური კატეგორიები, როგორიც ჩინელებთან უკანა პლანზე იყო დარჩენილი. ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ ხსენებული ეპოქის საუკეთესო ლიტერატურულ ნაწარმოებთა (როგორც პროზაულ, ისე პოეტურ) ავტორები ქალები გახდნენ, რომლებიც ყველაზე ნაკლებად იყვნენ დაკავშირებულნი უცხოურ კულტურასთან თავიანთი განათლებისა თუ შემოქმედებითი მოღვაწეობიდან გამომდინარე.

ამ შემთხვევაში უთუოდ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ (როგორც ზემოთ აღინიშნა) იაპონიაში ქალს შორეულ წარსულში მაღალი მდგომარეობა ეჭირა. მართალია, შუა საუკუნეების ეპოქაში მისი უფლებები საზოგადოებრივ ცხოვრებაში ნაწილობრივ შეიზღუდა, მაგრამ თავისი შინაგანი ინტელექტის,დახვეწილობის, ნატიფი გემოვნების, გონებამახვილობის წყალობით, იაპონელმა ქალებმა საპატიო ადგილი დაიმკვიდრეს საზოგადოებაში. საერთოდ, ჰეინის კულტურის მთავარი მახასიათებელი ნიშანი იყო ესთეტიზმი, ყველაფერი მის ჩარჩოებში იყო მოქცეული, მის კანონებსა და მოთხოვნებს ემორჩილებოდა. სწორედ ქალში იყო კონცენტრირებული ყველაზე ღრმად ესთეტიზმი და ემოციურობა, რაც იაპონელთა სულიერი ცხოვრების საფუძვლად იქცა. თხრობითი ჟანრის საუკეთესო ნაწარმოებთა ავტორებიც ხომ ქალები იყვნენ (ზემოხსენებული მურასაკი შიკიბუ და სხვები), რომლებმაც აღიარება მოიპოვეს არ მხოლოდ იაპონიაში, არამედ შუა საუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში.

ჰეინის პერიოდში პოეზიის აყვავება იაპონურ ენაზე, იაპონელთა ეროვნული თვითშეგნების გაძლიერებაზე მიუთითებს. ეს პროცესი IX საუკუნეში აღმოცენებული ნაწილობრივი კულტურიული ავტონომიის პირობებში მიმდინარეობდა. საზოგადოების მაღალი ფენების ყოველდღიურ ცხოვრებაში მტკიცედ მოიკიდა ფეხი სხვადასხვა ლიტერატურულმა თამაშებმა და პოეტურმა შეჯიბრებებმა, რომლებიც საიმპერატორო კარზე, ასევე არისტოკრატიის თავშეყრის და გართობის დროს იმართებოდა.

ლექსების ჩაწერა ხდებოდა საოჯახო ანთოლოგიებში, მარაოებზე, გრაგნილებზე, შირმებზე და სხვა. 905 წელს იმპერატორ დაიგოს ბრძანებით შეიქმნა იაპონური პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი ანთოლოგია “კოკინ ვაკასიუ” (“ძველი და ახალი იაპონური სიმღერების კრებული”), რომელიც 20 გრაგნილზე დაწერილ 1100 ლექსს შეიცავდა. ამ ლექსების ავტორები უმთავრესად არისტოკრატიული წრის წარმომადგენლები იყვნენ, ანთოლოგიის შემდგენელი კი პოეტი და ფილოლოგი კი-ნო ცურაიუკი იყო. 927 წელს დასრულდა მრავალტომიამნი ნაშრომის “ენგის წლების რიტუალების” შედგენა, რომელიც საინტერესო ცნობებს შეიცავს შინტოიზმის, ეკლესია-მონასტრების, ქვეყნის მართვა-გარემოების, ცალკეულ პროვინციათა ადათ-წესების შესახებ.
XI საუკუნის II ნახევრიდან იაპონურ ლიტერატურაში ისტორიული ჟანრის ნაწარმოებები ჩნდება, რომლებშიც აღწერილი იყო შიდა ომები, უმთავრესად ფუძივარას, ტაირას და მინამოტოს ძლიერ ფეოდალურ საგვარეულოებს შორის მიმიდნარე ბრძოლები, აგრეთვე გამოჩენილი ისტორიულ პიროვნებათა პირადი ცხოვრება ამგვარ ნაწარმოებთა შორის აღსანიშნავია: “მინამოტოს აღზევებისა და ტაირას დაღუპვის აღწერა”, “თქმულება ჰეიძის წლებზე”, “დიდი სარკე” და სხვა. ამ პერიოდის ნაწარმოებებები, როგორც პოეტური, ისე პროზაული, გამსჭვალულია დარდითა და მწუხარებით, ქვეყნის ბედ-იღბალზე ფიქრით, რაც XI-XII საუკუნეებში იაპონიაში შექმნილი პოლიტიურკი ვითარებით იყო განპრიობებული. ეს იყო შიდა აშლილობის, გლეხთა აჯანყების, ფეოდალური ომების ხანა, რაც XII საუკუნის ბოლოს იაპონიაში სამხედრო-ფეოდალური მმართველობის ანუ სიოგუნატის დაარსებით დაგვირგვინდა.
ამრიგად, ჰეიანის პერიოდი იაპონიის საზოგადოებრივი განვითარების უმნიშვნელოვანეს ხანას წარმაოდგენდა. ეს ის პერიოდია, როდესაც ცხოვრების ყველა სფეროში, ჩინური კულტურის მიღწევათა საფუძველზე, საკუთარი მოდელები შეიქმნა: სახელისუფლო სისტემაში – დუალისტური მმართველობის ფორმირება მოხდა, კერძოდ იმპერატორის და ფუძივარასი, რომლის დროსაც ხელისუფალნი ერთმანეთთან დედის მხრიდან ნათესაური ურთიერთობის იყვნენ დაკავშირებლნი; რელიგიაში – ბუდიზმის ახალი, იაპონური ფორმების გაჩენა, რომლებიც ორგანულად შეუერთდა ადგილობრივ რწმენა-წარმოდგენებს. და ბოლოს, ეს იყო ეროვნული კულტურის ფორმირების, “ბრწყინვალე დედაქალაქის” ეპოქა – იაპონური კულტურის ოქროს ხანა. სწორედ იმ პერიოდში განვითარდა თვითმყოფადი მიმართულებები არქიტექტურაში, ფერწერაში, შეიქმნა საკუთარი დამწერლობა და დიდმნიშვნელოვანი მხატვრული ლიტერატურა. იმავდროულად, ჰეიანის პერიოდი მოკლებული იყო იმ შინაგან მთლიანობას და ერთიანობას, რაც ნარას ეპოქისთვის იყო დამახასიათებელი, თანდათან ირღვეოდა ჩინეთიდან გადმოღებული “რიცურიოს კანონთა” პრინციპები, სანადელო სისტემა, რომლის ნაცვლად მიწის კერძომესაკუთრული ფორმა – სიოენი წარმოიქმნა და კარდინალური ცვლილებები დაიწყო საზოგადოებრივ სტრუქტურაში. ეს ფეოდალური მამული (სიოენი) რომელიც X საუკუნის II მეოთხედიდან მიწათმფლობელობის წამყვან ფორმად იქცა, კარჩაკეტილ, ნატურალურ მეურნეობას წარმოადგენდა, რომელიც მთლიანად აკმაყოფილებდა მისი მფლობელის მოთხოვნებს. მთლიანობაში, ჩინეთიდან შეღწეული საზოგადოებრივი სისტემა და კულტურის ელემენტები ვერ შეეგუა იაპონურ ნიადაგს, რადგან მას შეჯახება მოუხდა საზოგადოების გვაროვნულ ორგანიზაციებთან და მის კულტურულ თუ სამეორნეო თავისებურებების მთელ კომპლექსთან.
კიოტოდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, წყნარი ოკეანის სანაპიროზე ლამაზ ბაღნარსა და პარკებში მდებარეობს ძველი ისოტორიული ქალაქი – ისე. უპირველეს ყოვლისა, ის იმით არის ღირსშესანიშნავი, რომ იაპონელების ეროვნული სარწმუნოების – შინტოისტური რელიგიის ცენტრს წარმოადგენს, სადაც ყველაზე ძველი შინტოისტური ტაძრებია შემონახული. “ნიჰონ შიოკში” მოთხრობილი ლეგენდის თანახმად, ახ.წ. დასაწყისში, მეფე სუჯინმა თავის ქალიშვილს სთხოვა ქალღმერთ ამატერასუსთვის წმინდა სალოცავი ადგილის შერჩევა. თავდაპირველად თურმე მეფე თავის რეზიდენციაში მიაგებდა პატივს ქალღმერთს, მაგრამ შემდეგ მიხვდა რომ მის თავს დამტყდარ უბედურებათა მიზეზი ღმერთებდან ერთად ცხოვრება იყო. სწორედ ამიტომ მან გადაწყვიტა ამატერასუს კულტის პატივსაცემად განსაკუთრებული ადგილი შეერჩია, რაც თავის ასულს მიანდო. ამ უკანასკნელს კი ისეს ადგილმდებარეობა მოსწონებია, სადაც ამატერასუს მთავარი ტაძარი – ისე-ჯინგუ აიგო. ტაძარი ხეივნებითაა გარშემორტყმული, რომელთა ბოლო ხის კარიბჭეებია (რომლებსაც იაპონურად თორიი ეწოდება). მათზე წმინდა ხის – საკაკას ტოტებია მიმაგრებული. იმ შორეული წარსულიდან მოყოლებული, დღემდე ისეს მთავარ ტაძარში იაპონიის იმპრეტატორები ატარებდნენ განსაკუთრებულ რელიგიურ ცერემონიებს. კერძოდ, იმპერატორმა აკიჰიტომ თავისი ინაუგურაციის წინა ღამე სწორედ იქ გაატარა ლოცვებში.
ხსენებულ ტაძარში ინახება საიმპერატორო ძალაუფლების ერთ-ერთი სიმბოლო – სარკე, რომელიც ამატერასუს სულს განასახიერებს. მართალია, გარეგნულად ტაძარი ძალიან სადაა (ისე როგორც საერთოდ ყველა შინტოისტური ტაძარი), მაგრამ იმავდროულად – დიდებული თავისი იერსახით. საინტერესო ფაქტია, რომ VII საუკუნიდან მოყოლებული, ამატერასუს ტაძარი ყოველ ოც წელიწადში იშლეება და მისი ხელახლა აგება ხდება კიპარისის ხისგან. ისეს მთავარი ტაძრის მოხილვა, ისევე როგორც ფუძივარაზე ასვლა, იაპონელთა პატრიოტული აღზრდის პროგრამაში შედის; სიცოცხლეში ერთხელ მაინც ყველა იაპონელმა უნდა მოიხილოს იქაურობა.
XII საუკუნის მიწურულს იაპონიაში სამხედრო-ფეოდალური დიქტატურის ანუ სიოგუნატის (უმაღლესი მთავარსარდალი) დაარსების შემდეგ ქვეყნის მეორე დედაქალაქი კამაკურა გახდა – ტოკიოსთან ახლოს, კანტოს რაიონში მდებარე ქალაქი. მისი ადგილმდებარეობა მარჯვედ იყო შერჩელი მტრისგან თავდასაცავად: სამი მხრიდან მაღალი მთები, მეოთხე მხრიდან კი ზღვა ესაზღვრებოპდა. თითქმის 150 წელი კამაკურა სიოგუნთა პირველი დინასტიის – მინამოტოს ფეოდალურ საგვარეულოს სატახტო ქალაქს წარმოადგენდა (1192-1333) და ეს პერიოდი ისტორიაში კამაკურას პერიოდის სახელითაა ცნობილი. 1333 წელს გამწვავებული ფეოდალური შინაომის ქარცეცხლში ქალაქი დაიწვა და ამით დასრულდა კამაკურას და პირველი სიოგუნატის პერიოდიც იაპონიაში. თავდაპირველად კამაკურა პატარა სოფელი იყო, სადაც მინამოტოს საგვარეულომ თავისი მფარველი ღმერთის ჰიტიმანის ტაძარი ააგო. 1180 წელს ერთ-ერთმა უძლიერესმა ფეოდალმა იორიტომო მინამოტომ იქ სასახლე ააგო, ახალი ტაძრები ააშენა, გზები გაიყვანა, ხოლო 1192 წელს ფეოდალურ შინაომში ტაირას საგვარეულოს დამარცხების შემდეგ, მან თავი სიოგუნად გამოაცხადა და კამაკურაც – მისი სატახტო ქალაქი გახდა.
დედაქალაქის კამაკურაში გადატანა იმით აიხსნება, რომ მინამოტო ცდილობდა ამ გზით იმპერატორის კარის გავლენა შეესუსტებინა და დამოუკიდებელი ხელისუფლება შეექმნა. ამასთან ერთად, მინამოტომ იმპერატორს ნომინალური უფლებები დაუტოვა, რადგანაც მონარქია ფეოდალური წყობილების იდეოლოგიურ ერთიანობას უზრუნველყოფდა. ამიერიდან იაპონიაში ორი პოლიტიკური და კულტურული ცენტრი არსებობბდა:კიოტო, სადაც იმპერატორის რეზიდენცია იყო და კამაკურა – სიოგუნთა დედაქალაქი. ამ გარემოებამ მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა ქვეყნის შემდგომი ისტორიული განვითარება, რაც ცხადია, კულტურაშიც აისახა. მართალია, კიოტოს ძველი არისტოკრატია თავის ავტორიტეტს პოლიტიკურთან ერთად, კულტურის სფეროშიც ინარჩუნებდა, მაგრამ სულ უფრო ხელშესახები ხდებოდა ახალი, ხალხური კულტურის ელემენტები. ეს, უპირველეს ყოვლისა, იმით იყო განპირობებული რომ X-XII საუკუნეებში მიმდინარე შინაომები განსაკუთრებით გაძლიერდა და აღზევდა სამურაების ფენა, რომელნიც უბრალო ხალხის, უმთავრესად გლეხობის წარმომადგენლები იყვნენ. ცხადია, თავდაპირველად მათ საიმისო ძალა არ შესწევდათ, რომ თავიანთი დამოუკიდებელი კულტურა შეექმნათ და ამიტომ იძულებულნი იყვნენ ქედი მოეხარათ იაპონიაში გაბატონებული არისტოკრატიული კულტურის წინაშე და მიეღოთ იგი. დროთა ვითარებაში, პოლიტიკური ძალების გადანაწილებაში შესაბამისად, კულტურის სფეროში ორი ძალა შეეჯახა ერთმანეთს: ძველი, ტრადიციული კულტურა და ამომავალი, ახალი კულტურა. ამასთან, ნათლად გამოიკვეთა რომ კულტურული განვითარების ტენდენცია იმ პერიოდში ახალი კულტურის პოზიციების განმტკიცების და ძველის დასუსტებისაკენ იყო მიმართული. ეს პროცესი მეტნაკლები სიძლიერით კულტურის ყველა სფეროში აისახა, განსაკუთრებით ლიტერატურაში, თეატრალურ და სახვით ხელოვნებაში, არქიტექტურაში, იდეოლოგიაში. კამაკურას პერიოდის ლიტერატურაში შეიქმნა ახალი ჟანრის საისტორიო-საგმირო ეპოსები – ჰუნკები. ისტორიოგრაფიული თხზულებები – რეკიშიკი მონოგატარი, პარალელურად სალიტერატურო ენაც იცვლებოდა; თუ ჰეიანის ენა ლექსიკურად წმინდა იაპონური იყო და ჩინური სიტყვები უმნიშვნელო რაოდენობით იყო წარმოდგენილი, ახლა ჩინური ლექსიკაც დამკვიდრდა, რაც უპირველეს ყოვლისა, ბუდიზმთან იყო დაკავშირებული. ასე რომ, საომარი ეპოპეების ენა მნიშვნელოვან ეტაპად იქცა იაპონური სალიტერატურო ენის ჩამოყალიბების საქმეში, რომელშიც ორგანულად შერწმული აღმოჩნდა ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ლექსიკა: ჩინური და იაპონური.
კამაკურას პერიოდში გარკვეული ცვლილებები განიცადა სახივითმა ხელოვნებამ. კერძოდ, გაჩნდა ახალი ჟანრული ფერწერა – ემაკიმონო, რომელიც ჰორიზონტალურ გრაგნილზე შესრულებულ ნახატს წარმოადგენდა. კამაკურას ფერწერა მკვეთრად განსხვავდებოდა ჰეიანის მხატვრული ტრადიციებისგან, სადაც ყრადადღების ცენტრში პერსონაჟთა ემოციები და განწყობა იყო მოქცეული. როგორც ფერწერაში, ისე სკულპტურაში, უმთავრესი გახდა პორტრეტი; პირველად იაპონური ხელოვნის ისტორიაში რეალურ ადამიანთა გამოსახულებები გამოჩდნა. არქიტექტურისათვის დამახასიათებელი იყო წარსულის მონუმენტური ფორმებისკენ ანუ ნარას ეპოქისკენ მიბრუნება. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ როგორც საერო, ისე საკულტო ნაგებობებში სხვადასხვა სტილი იყო ერთმანეთთან შერეული. სიახლეს წარმოადგენდა ბუდისტური სექტის – ძვნის სატაძრო არქიტექტურა: ამ ტაძრტებს მაღალი სახურავები და მომრგვალებული სარკმლები ჰქონდათ, ტრადიციული ბუდისტური ტაძრებისგან განსხვავებით, ისინი უფრო სადა და პირქუში იყო.
კამაკურა საერთოდ ტაძრების სიმრავლით გამოირჩევა, რომელთა შორის განსაკუთრებით საყურადღებოა ომის ღმერთის – ჰატიმანის შინტოისტური ტაძარი, რომელშიც სამურაების უძვირფასესი აღჭურვილობაა შემონახული. ეს ტაძარი იაპონელებისათვის უსაყვარლესი მოხილვის ადგილია საახალწლო დღესასწაულის დროს. მაგრამ კამაკურას მთავარი ღირსშესანიშნაობა ისევ და ისევ ბუდას სახელს უკავშირდება. ბუდისტურ ტაძართა რაოდენობა იქ სამოცდაათს აღწევს. ეს იმით აიხსნება რომ სწორედ კამაკურას პერიოდში გავრცელდა იაპონიაში ბუდიზმის სხვადახვა მიმდინარეობა, რომელთა შორის წამყვანი ადგილი ძენ-ბუდიზმს და ნატირენს ეჭირა. მათი მიმდევრები უმთავრესად სამურაები იყვნენ. კამაკურაში არსებულ ბუდისტურ გამოსახულებათა შორის დავასახელებთ ერთს და ყველასგან გამორჩეულს: ესაა 1252 წელს ბრინჯაოსგან ჩამოსხმული მჯდომარე ბუდას უზარმაზარი ქანდაკება. თავზე მას ვერცხლის კულულები აქვს შემოვლებული, რომლებიც 830 ბრინჯაოს ლოკოკინას ებჯინება. ლეგენდის თანახმად, ლოკოკინები, რომლებიც სიბრძნის სიმბოლოა, მზისგან იცავდნენ ხანგრძლივ მედიტაციაში მყოფ თავგადაპარსულ ბუდას. ქანდაკების შიგნით ზემოთ ამავალი კიბეა, მის ბოლოში გადმოსახედია ბუდას თვალებიდან, საიდანაც მთელი ქალაქის პანორამა იშლება თვალწინ. დღესდღეობით კამაკურა არა მხოლოდ შესანიშნავი ისტორიული ძეგლებით იზიდავს მნახველებს, ის პოპულარული საძღვაო კურორტი და სააგარაკო ადგილია, განსაკუთრებით ელიტარული საზოგადოებისთვის.
1603 წლიდან იაპონიის დედაქალაქი ედო (დღევანდელი ტოკიო) გახდა. მის ადგილას ოდესღაც პატარა სოფელი იყო, 1456 წელს ერთ-ერთმა გავლენიანმა ფეოდალმა ოტა დოკანმა იქ ციხესიმაგრეები ააგო და ედოს თანდათან ქალქის სახე მიეცა. ფაქტობრივად მისი აღმშენებლობა 1590 წლიდან დაიწყო, როდესაც კანტოს რაიონის მმართველმა ტოკუგავა იეიასუმ (რომელიც შემდეგ სიოგუნი გახდა), ის თავის რეზიდენციად აქცია. მოგვინაებით ედო იაპონიის დედაქლაქად გამოაცხადა და იმ დროიდან მოყოლებული ის ქვეყნის ადმინისტრაციულ-სამეურნეო და კულტურის ცენტრი გახდა.
ზემოხსენებული ისტორიული ქალაქების გვერდით, შუა საუკუნეების იაპონიაში სხვა ქალქებიც ვითარდებოდა, რომლებსაც თავ-თავისი გარკვეული წვლილი შეჰქონდათ ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ თუ კულტურულ ცხვორებაში, რომელთა განხილვა ძალზე შორს წაგვიყვანს. ამჯერად შემოვიფარგლეთ მხოლოდ რამდენიმე უმთავრესი ისტორიული ცენტრით, რომელმაც განსაკუთრებული კვალი დაამჩნია თვითმყოფადი იაპონური კულტურის განვითარებას.

—————————————————————–
ასუკა, ჰაკუჰო და ტემპიო – სამივე ადრეფეოდალური იაპონური კულტურის განვითარების ეტაპებია, რომლებისთვისაც დამახასიათებელია ჩინური ბუდისტური კულტურის ძლიერი გავლენა, უფრო ნაკლებად – ინდური გავლენაც.

აჯანტი – ცენტრალურ ინდოეთში მახარაშტრას შტატში აღმოჩენილი გამოქვაბულთა უზარმაზარი კომპლექსი (29 ნაგებობა), რომელიც განსაკუთრებით განთქმულია შესანიშნავი ფრესკებით (IV-VI სს.)

ჰეიან-კიო – სიტყვასიტყვით მშვიდობის და სიმშვიდის ქალაქს ნიშნავს (ჰეი – მშვიდობა, ენ – სტაბილურობა, სიმშვიდო, კიო – ქალაქი). 1177 წელს ჰეიანი ხანძრისგან დაიწყვა, აღდგენისა და განახლების შემდეგ უკვე კიოტო ეწოდა.

ჯერ კიდევ VIII საუკუნის დასაწყისიდან ფუძივარას გვარი სოგას საიმპერატორო დინასტიას დაუნათესავდა: იმპერატორმა შიომუმ ფუძივარას გვარის ქალი შეირთო ცოლად. ამიერიდან ტრადიციად დამკვდირდა, რომ იმპერატორებს და უფლისწულებს ცოლი ფუძივარას გვარიდან უნდა მოეყვანათ. შედეგად, ფუძივარას გვარმა იმპერატორთა ძალაუფლება შეზღდა, მისი წარმომადგენელნი ქვეყანას კანცლერის (კამპაკუ) ან რეგენტის (სესიო) სახით მართავდნენ. თავისი ძლიერების ზენიტს ფუძივარამ X საუკუნის ბოლოს მიაღწია, როდესაც ის ქვეყნის ფაქტობრივ მმართველად იქცა.

აკიჰიტომ (დაიბადა 1933 წ.) საიმპერატორო ტახტი 1989 წელს დაიკავა მამის – ჰიროჰიტოს სიკვდილის შემდეგ.

ისეს პარკს ესაზღვრება აგო - ის ცნობილია, როგორც იაპონიის ინდუსტიის მექა მარგალიტის კულტივირებაში. აქვეა უნიკალური მუზეუმი, სადაც კულტივირებული მარგალიტების ნიმუშებია გამოფენილი. მაგალითად, საოცრად შთამბეჭდავია 10000 მარგალიტისგან დამზადებული პაგოდა.

2 Responses to ძველი ისტორიული ქალაქები და მათი კულტურა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>